რეჟისორი და სცენარისტი ივა ფეზუაშვილი მეორე სეზონის შესახებ.
პირველ სეზონში ფილმი ისეთ ადგილზე გაწყდა, რომ მაყურებლის მოლოდინი საკმაოდ დიდია. როგორ ფიქრობთ, ეს სეზონიც ისევე ჩაითრევს „ტიფლისის“ გულშემატკივარს?
მგონია, რომ უფრო მეტადაც. ეს სეზონი საინტერესოაიმიტომაც, რომ მოქმედება ტიფლისიდან ციმბირში გადაინაცვლებს. გადასახლების თემას ვეხებით - ქართველებისთვის კარგად ნაცნობს და მტკივნეულს. გადაღებების დაწყებამდე ციმბირზე უამრავი რამის წაკითხვა მოგვიწია. ისეთი ამბები გავიგეთ, რომელთა შესახებ არც გვსმენოდა. როდესაც მოქმედება გადასახლებაში, ციხეში ხდება, იქედან ყოველთვის გარბიან პატიმრები. გაქცევის გეგმაზე მუშაობა, ჩემთვის როგორც სცენარისტისა და რეჟისორისთვის ძალიან საინტერესო იყო. მთელი ოთხი ეპიზოდი დავწერეთ ამ ეპიზოდზე და მერე უცებ მივხვდით, რომ გაქცევა, თავისთავად, მაყურებელს უკვე ბევრჯერ აქვს ნანახი. რაღაც სხვა იყო საჭირო, რევოლუცია, რომ სიუჟეტი კიდე უფრო დინამიკური და საინტერესო გამხდარიყო. ასე დავამატეთ „ტიფლისი 2“-ს ეს ხაზიც.
გადაიღო ციმბირი - საქართველოში, ალბათ, ადვილი არ იქნებოდა. როგორ შექმენით ციმბირის ილუზია?
ძირითადად მაინც თედო სახოკიას ჩანაწერებს დავეყრდენით. ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ის იყო, რომ ციმბირი ქართველი მაყურებლისთვის თოვლთან და სიცივესთან ასოცირდება, გადაღებების თვალსაზრისით კი ამ მხრივ ცოტა გაგვიჭირდა. ამიტომ, მოქმედების დროდ ის პერიოდი ავიღეთ, როცა ციმბირში მაინცდამაინც არ ცივა. მოქმედება ციმბირის ერთ-ერთ ბანაკში ხდება, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს იმ ადგილს ბეთანიაში, სადაც გადაღებები მიდიოდა. თუმცა, ვიცოდით, რომ მხოლოდ ერთი ლოკაცია არ იქნებოდა საინტერესო. ამიტომ წავედით მაგალითად, გორელოვკაში და იქაც გადავიღეთ გარკვეული სცენები. ამანაც ფილმს თავისი ატმოსფერო შესძინა.
როგორც მივხვდი, ციმბირიდან გზას ისევ ტიფლისში მოვყავართ - შემდეგ რა ხდება?
ყველაფერს ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ ცოტა ვაჩქარებთ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. ქართველი გმირები რუსის ჯარს უპირისპირდებიან და მიზნად მათ დამარცხებას ისახავენ. სერიალის ბოლო ორი ეპიზოდი სწორედ 1921 წლების მოვლენებით სრულდება.
რომ გკითხონ რატომ უნდა ვუყუროთ „ტიფლის 2“-ს და არ გადავრთოთ სხვა არხზე, როგორც რეჟისორი რას უპასუხებდით?
ძალიან ძნელი იქნება მოშორდე ამ ფილმს. მე პირადად, პირველი სამი ეპიზოდი ალბათ, ორასჯერ მაქვს ნანახი, თუმცა ჯერჯერობით, არ ვრთავ და სხვა ეპიზოდზე არ გადავდივარ. საინტერესოა. დინამიკურია. ახალი პერსონაჟები შემოდიან. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. აი, მაგალითად, მახო აბულაძემ შექმნა ციხის უფროსის საოცარი პერსონაჟი. ეს ის ციხის უფროსია, რომელსაც ლუკა მაისურაძე ჰყავს ამოჩემებული, ტანჯავს და აწვალებს. ეპიზოდილში კიდევ შემოდის ერთი ახალი გმირი - 18 წლის მათე, ბიჭი მაჩხაანიდან, ძალიან სახასიათო გმირი... ჩვენ გვინდოდა მაყურებლისათვის სხვა თბილისი დაგვენახებინა, კინტოებს მიღმა რაც ხდებოდა, ის თბილისი. მე მგონია, რომ ეს სერიალი მტრის მიმართ დამოკიდებულებებსაც გამოკვეთს და გააძლიერებს. მოკლედ, უნდა უყურო და ნახო რა მოხდება. წინ მთელი სეზონია.
რა იყო ყველაზე საინტერესო ამ ეპიზოდილზე მუშაობისას?
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კოსტიუმირებულ კინოს შევეხებოდი და რაღაც ეპოქაში გადავიდოდი. მე ყოველთვის თანამედროვეობა მაინტერესებდა. მაგრამ უკვე იმდენად ჩავერთე, რომ მეც დავრბივარ და კოსტიუმებს ვუთანხმებ, როგორი და რანაირი მინდა რომ იყოს. მე მგონი, ისიც აღარ ვიცი თანამედროვეობაში როგორ გადმოვერთო. ისე ჩამითრია ტიფლისის მაშინდელმა ამბებმა.