გაწვევა

17 წლის ირაკლი დაბრუნდაშვილი სოფელში ერთად ერთი ახალგაზრდაა, რომელიც ომში ჯერ არ გაუწვევიათ. მას შემდეგ, რაც ის მეგობრის დაღუპვის ამბავს გაიგებს, გადაწყვეტს თვითონაც შეუერთდეს მებრძოლებს.

48 910
აირჩიე სეზონი:

რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული დრამა

1942 წელი. ყირიმის ნახევარკუნძული. საბჭოთა ჯარები, ქერჩში დესანტირებენ. მათი მთავარი ამოცანა, ფეოდოსიისკენ მიმავალი გზის გერმანელებისგან გაწმენდაა. 
ეს ისტორია ეძღვნება ყველა ქართველ ჯარისკაცს და გმირს, რომელიც იბრძოდა და დღემდე იბრძვის საქართველოსთვის. 


სეზონი 1
გამოშვების წელი: 2015
მწარმოებელი: GDS PRODUCTIONS
​7 ეპიზოდი.
ფორმატი: 60 წთ.
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი


რედაქტორის სვეტი


მეორე მსოფლიო ომი, ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ და ახალგაზრდები, რომელთაც იარაღი პირველად ამ ომში აიღეს ხელში...


„ქერჩი- დაკარგული გმირები“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური პროექტია. მეორე მსოფლიო ომის თემას ქართული კინო ათწლეულების შემდეგ პირველად დაუბრუნდა, თანაც ამ მოვლენის ახლებური, კრიტიკული გააზრებით.  ეპიზოდილში ვერ ნახავთ საბჭოთა პათეტიკას  და იმ მაღალფარდოვან ტექსტებს, რაც ასე ხშირი იყო ძველ საბჭოთა საომარ  ფილმებში. პირიქით, რამდენიმე ეპიზოდში აშკარად იკვეთება პერსონაჟების კრიტიკული დამოკიდებულება იმპერიისადმი და ზოგადად, ომის სისასტიკისადმი. საინტერესოა რომ  ეს განწყობა  ჩანს როგორც საბჭოთა, ისე გერმანელ ჯარისკაცებში.

ემოციური და ისტორიული ფაქტორის გარდა  „ქერჩი-დაკარგული გმირები“  ვიზუალური მხარითაც იქცევს ყურადღებას: პოსტ საბჭოთა საქართველოში ეს პრაქტიკულად პირველი კინოპროექტია, სადაც მსგავსი მასშტაბის  ბატალური სცენებია ასახული და სადაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის გამოსახულებაზე და საბრძოლო ქორეოგრაფიაზე.

ბრძოლების პარალელურად ეპიზოდილში გმირების პერსონალური  ამბებიც  იკვეთება. ამ ომში ყველა თავისი  ისტორიით  მოვიდა:  ყველას აქვს წარსული, რომელიც გამარჯვების და უკან დაბრუნების ჟინს უათმაგებს და ამ ჯოჯოხეთში აძლებინებს. განსაკუთრებით საინტერესოა  ოთხი შვილის მამის ისტორია, რომელიც შვილების საძებნელად თავადაც მიდის ბრძოლის ველზე. ეს პასაჟი აუცილებლად მოგაგონებთ  უკვე კინოკლასიკად ქცეულ "ჯარისკაცის მამას" და იმ ემოციებსაც გაგიღვიძებთ, რასაც სერგო ზაქარიაძის გმირი განიცდის ფილმში შვილის ძებნისას.

მსახიობების დამაჯერებელი თამაში, გამართული დრამატურგია და ვიზუალური მხარე ეპიზოდილს ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ორიგინალურ პროექტად აქცევს.



ვრცლად დახურვა

კადრს მიღმა: როგორ მივიღოთ მიუღებელი ანუ მივაღწიოთ მიუღწეველს?!

მონდომება, გახსნილი გონება, ბარიერის გადალახვის პათოლოგიური ჟინი და ცოტაოდენი ჯადოქრობა. გაიგეთ რამ შეაძლებინა "ქერჩი: დაკარგული გმირების" მხატვარ-დეკორატორებს, დანჯღრეული "გაზ 24" მოდელის ავტომობილისგან, T 34, რუსული, ომისდროინდელი ტანკი აეწყოთ.   

ვრცლად დახურვა

კადრს მიღმა: საბრძოლო ბატალიებით სავსე დრამას, ცოცხალი მსახიობებიც სჭირდება და მკვდრებიც!

ეპოქალური კინო და სატელევიზიო წარმოება, მითუმეტეს თუ შერჩეული თემა მეორე მსოფლიო ომს ეხება, ნამდვილი გამოცდაა სამხატვრო ჯგუფისთვის. გასათვალისწინებელია ყველა დეტალი: ის, რაც შეუარაღებელი თვალით ჩანს, პლიუს ის რაც მხოლოდ შეიარაღებული თვალით - ამ შემთხვევაში კამერით შეიძლება დაინახო და ისიც კი, რის არსებობაზეც საერთოდ არავის უფიქრია. შემდეგ იღებ მოცემულობას და უსაბამებ შენს ხელთ არსებულ რესურსს... თუმცა, როგორ გამოსავალს იპოვის მხატვარი თუ მიხვდა, რომ საქმეს, ხელოვნური ადამიანური რესურსის შექმნა სჭირდება?!  

ვრცლად დახურვა

წითელი გენერლების უგუნურობა

GDSON-ის შეკითხვებს "ქერჩის" მთავარი სცენარისტი - სანდრო ნავერიანი პასუხობს.

ეს არის ქართველების ისტორია მეორე მსოფლიო ომში, რომელიც ძალიან ბევრ ტრაგიკულ ამბავს ინახავს და რომელმაც ათეულობით ათასი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ალბათ საინტერესო უნდა ყოფილიყო ეპიზოდილის სცენარზე მუშაობის პროცესი?


მე მქონდა არჩევანი, გამეგრძელებინა ეპიზოდილ “ტიფლისის” მეორე სეზონის სცენარის წერა, ან ახალ ეპიზოდილზე, ამ შემთხვევაში “ქერჩზე” დამეწყო მუშაობა. მივხვდი, რომ “ქერჩზე” მუშაობა ჩემთვის, როგორც დამწყები სცენარისტისთვის, მდიდარი გამოცდილება უნდა ყოფილიყო. მივხვდი, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ სწორედ ამ სირთულის გამოც ვარჩიე ამ ტრაგედიაზე მუშაობა. ერთგვარი გამოკვლევაც  ჩავატარე, თუ როგორ იწერება საომარი ტიპის ჟანრის ფილმების სცენარი და ყველა ამბობს, რომ ამ ჟანრზე მუშაობა ძალიან რთული პროცესია. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ საომარი ჟანრი მოქმედებაა და ამ მოქმედებას დინამიურად უნდა შეერწყას დიალოგი. აი, მაგალითად, მარტივად რომ ავხსნა, სანგარში რომ ოთხი ადამიანი წევს, ბომბავენ და თავის გადარჩენას ცდილობენ, აქ ჩვეულებრივი დიალოგი ვერ იქნება, ხომ? რაღაც გადაძახილ-გადმოძახილს უნდა გავდეს ყველაფერი. ეს ყველაფერი გამოწვევა იყო ჩემთვის. უამრავ წყაროს გავეცანი, ბევრი ინფორმაცია მივიღე. გარდა ამისა, წავიკითხე უამრავი ადამიანის ჩანაწერი თუ მოგონება მათი წინაპრების შესახებ, როლებიც ქერჩში დაიღუპნენ. ამ ამბებს ზოგი მიგზავნის, ზოგს მე ვპოულობ. ძალიან საინტერესო პროცესია.

ეპიზოდილში იქნება ერთი რეალური გმირი, რომლის სახელი და გვარიც შევინარჩუნეთ. ამ ადამიანების ამბები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ამიტომ ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი ისტორიები შევარჩიოთ. ჩემთან ერთად ეპიზოდილზე მუშაობენ საბა ლეკვეიშვილი და მარი ბექაური. გვინდა, რომ ეს სერიალი ადამიანურ ისტორიებზე იყოს აგებული.


რისი ჩვენება გსურთ ამ სცენარით მაყურებლისთვის?


რეალურად, მგონია, რომ ამ ეპიზოდილმა უნდა აჩვენოს მაყურებელს ის თუ როგორ ამოწყდა ძალიან მოკლე დროში ათეულობით ათასი ქართველი იმის გამო, რომ საბჭოთა ჯარში ყველაფერი ისე “დავარცხნილი” არ იყო, როგორც ჩვენ ეს ისტორიის სახელმძღვანელობიდან თუ საბჭოთა ფილმებიდან ვიცით. უნდა ჩანდეს, რამდენად არასწორად იყო დაგეგმილი გენერალური შტაბის მიერ საომარი ოპერაციები, დესანტირება, ქალაქების აღება და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა დილეტანტურ დონეზე:  “როდინა მატ ზავიოტ”- მხოლოდ ამის ხარჯზე იგეგმებოდა საომარი ოპერაციები. მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები ძალიან განსწავლულნი იყვნენ საომარ პროცესში და სტრატეგიულად გათვლილი ნაბიჯებით მოქმედებდნენ.


ეპიზოდილზე სამი სცენარისტი მუშაობთ. როგორ იწერება სცენარი?


ვსხდებით სცენარისტები და რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი და ვიღებთ მოცემულობას, რომ მაგალითად, მეოთხე ეპიზოდიში სოფელში უნდა შევიდეს ჯარი, ჩვენი ოცეული. ისინი  ალყაში ექცევიან და განვიხილავთ, როგორ უნდა გააღწიონ ამ ალყიდან და როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. ყველა ჩვენ-ჩვენ იდეას ვამბობთ და შემდეგ ერთობლივად ვჯერდებით საერთო ვარიანტზე.


სცენარი გადაღებების პარალელუად იწერება თუ უკვე მზად გაქვთ სრული ვერსია?


არა, სამწუხაროდ, სცენარი გადაღებების პარალელურად იწერება და ეს საკმაოდ რთული პროცესია. იდეალური ვარიანტია, როცა სცენარი მთლიანად იწერება და ამის შემდეგ იწყება გადაღებები. ჩვენს შემთხვევაში კი სცენარი ხშირად გადაღებების პროცესში იცვლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ჟანრის სერიალის გადაღება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.


არის შემთხვევები, როცა ფიქრობთ, რომ კი, ჩვენ დავწერთ ამ სცენას, მაგრამ რამდენად შეძლებს გადამღები ჯგუფი ამ ყველაფრის გადაღებას?


ამაზე თავიდანვე ვთანხმდებით. რეჟისორი გვითანხმებს რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა. მაგალითად, რეჟისორი გვეუბნება, მე შემიძლია ავაშენო სოფელი, სადაც იქნება ხუთი სახლი და შემდეგ გრაფიკოსს ვთხოვო, რომ ეს ხუთი სახლი გადაამრავლოს ხუთზე და გამოვიდეს 25. მაგრამ არ შეუძლია ააშენოს 10 სახლი. მაგალითად, შეგვიძლია ავაფეთქოთ ერთი ტანკი და არა სამი.


ქალი პერსონაჟები თუ გეყოლებათ ფილმში?


კი, ვცდილობთ, რომ გვყავდეს ქალი პერსონაჟებიც. მაგალითად, გვყავს ქალი, რომელიც პარტიზანია და იბრძვის პოლონელ და უკრინელ პარტიზანებთან ერთად. ის დედით ქართველი და მამით უკრაინელია. ვფქირობ, საინტერესო პერსონაჟი უნდა იყოს.


სულ რამდენი ეპიზოდი იქნება?


თავიდან იდეა იყო, რომ ყოფილიყო ერთი სეზონი და ათი ეპიზოდი. თუმცა, შეიძლება, ორი სეზნი გავაკეთოთ და თითო სეზონში რვა ეპიზოდი იყოს. მგონია, რომ ასე უკეთესი იქნება. გარდა ამისა, შევთანხმდით, რომ ყველა ეპიზოდიში არ იქნება ბატალური სცენები. სადაც შეგვიძლია, გვინდა, რომ ადამიანური ამბები წამოვწიოთ წინ და მეტი დრამა გავათამაშოთ.

ვრცლად დახურვა

კადრს მიღმა: ქართული ოცეულის ამბავი ლევან დაბრუნდაშვილის ობიექტვიში

"ჩემი ოთხი ბაბუა იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. არა მხოლოდ ქერჩთან. სტალინგრადშიც, ბერლინშიც. ოთხივე ცოცხალი გადარჩა. ეს ვირუსად ჩარჩენილი ისტორიაც სწორედ მათგან მოდის. ქერჩზე ფილმის გადაღება ჩემი ოცნებაც იყო. თუ რამე გამიკეთებია ოდესმე, ყველაზე მეტად სწორედ ამ ეპიზოდილზე ვნერვიულობ. ვფიქრობ, დღეს ძალიან დროული იყო ამ თემის წამოწევა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ვერ განვითარდება ვერც ერთ სფეროში, თუ ჩვენ არ დავაფასეთ ჩვენი წინაპარები. თუ ჩვენ გვაქვს დღეს დამოუკიდებლობა და გვაქვს კულტურა, მე ეს მათ დამსახურებად მიმაჩნია. კონკრეტულად ეს პერიოდი კი, მეორე მსოფლიო ომის, ალბათ პლანეტის ყველაზე ნაცრისფერ პერიოდი იყო. საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის კი განსაკუთრებულად ტრაგიკული, რადგან არანორმალურად ბევრი, 86 000  ქართველია დაღუპული და ეს მხოლოდ ქერჩში. ისე, გერმანული მხარის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში 370 000 ქართველი მეომარი დაიღუპა." 

ვრცლად დახურვა

კადრს მიღმა: დიდი ბაბუის ძველი დღიურიდან

მსახიობმა რევაზ ნასიძემ, ეპიზოდილში, რეალური გმირი, თავისი დიდი ბაბუა - ამბროსი შენგელია განასახიერა. 


"ჩემს გმირს არაერთ რისკზე უწევს წასვლა. ბრძოლაში ბევრ მეგობარს კარგავს და ამ მხრივ, ტრაგიკული გმირია. ამ ამბებს ჩემი დიდი ბაბუაც წერდა თავის ჩანაწერებში, რომლებიც დღემდე შემორჩა ჩვენს ოჯახს და ზოგიერთი პასაჟი ფილმშიც გავაცოცხლეთ. თითქმის ყველა დღე აქვს აღწერილი, კონკრეტული პიროვნებების სახელებით და გვარებით. წერს, როგორ შევიდნენ ამა თუ იმ სოფელში, იქ რა დახვდათ, რას გრძნობდნენ... თვითონ ბაბუას საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, პროფესიით ისტორიკოსი, სწორედ ომის დაწყების წინ, ქუთაისში, სკოლის დირექტორად დანიშნეს. ომიც მაშინ დაიწყო და თავიდანვე მოხალისედ წავიდა. რვაჯერ დაიჭრა, მაგრამ ყოველი გამოჯანმრთელების შემდეგ უკან, ფრონტზე ბრუნდებოდა. ბევრი საინტერესო ამბავი გადახდა თავს და ქერჩიც ამ ამბების ერთი ნაწილია..."


ვრცლად დახურვა

ოცმეთაური მალკოვიჩი

გიორგი ცაავა გამოცდილი უკრაინელი ოცმეათაურის, გრიგორი მალკოვიჩის როლს თამაშობს. მას  სხვა მეომარ ბიჭებთან შედარებით, მეტი უნახავს, მეტი გამოუცდია. ამიტომაც, განსაკუთრებულად ზრუნავს იმ რიგითებზე, ვინც ჯერ ვერ აღიქვამენ სრულყოფილად იმ სიმძიმესა და კოშმარს, რომელშიც მოხვდნენ. ჯოჯოხეთი კი დესანტის გადასხმის პირველივე წუთიდან იწყება.




მკაცრი ოცმეთაური ხართ? როგორი ტიპაჟია გრიგორი მალკოვიჩი?


კი, ცოტა მკაცრია, მაგრამ ამ სიმკაცრის მიღმა მზრუნველი და გულიანი კაცია. მართლა საკუთარი შვილებივით უფრთხილდება ამ ბიჭების სიცოცხლეს. 


იცოდით რამე ამ ბრძოლის შესახებ პროექტ „ქერჩის“ დაწყებამდე ?


როგორ არა. ჩემი დიდი ბაბუა იბრძოდა ქერჩში. მე ძალიან პატარა ვიყავი და ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს მის მიერ მოთხრობილი ამბები. თვითონ ქერჩში გადარჩა, ომიდან დაბრუნდა და 105 წლამდე იცოცხლა. სულ ყვებოდა ხოლმე ომის ამბებს. როცა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, ძალიან ბევრ მასალას გავეცანით და არაერთ გადარჩენილ ადამიანს შევხვდით, რომლებიც სწორედ იქ იბრძოდნენ. ძალიან ემოციურია, როცა ამდენი წლის წინანდელ ამბავს თვითმხილველისგან ისმენ. 


დღეს, როცა ამდენი წლის შემდეგ უკვე თავად ხართ ამ ამბის თხრობის მონაწილე - როგორი შეგრძნებაა? 


მე 39 წლის ვარ, საბჭოთა პერიოდში მომიწია ცხოვრებამ და ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა სამხედრო თემატიკაზე ფილმების ყურება. მე თვითონაც ბევრჯერ მითამაშია ომობანა. დღეს ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ: პირველ რიგში იმიტომ, რომ გრანდიოზული პროექტია, მართლაც ისტორიული; მეორეც, ეს ამბავი საქართველოს ეხება, ამ ბრძოლაში ათასობით ქართველი დაიღუპა. წარმოიდგინეთ, 86 000 ქართველი! ისიც სიმბოლურია, რომ ჩემს მეორე ბაბუას სწორედ გრიგორი ერქვა, სამხედრო ექიმი იყო, კარგი კაცი. მე ის არ მახსოვს, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემი გმირი რაღაცით მას მივამსგავსო, ამ გმირში ჩავაქსოვი მისი თვისებები. 

როგორ დაახასიათებდით „ქერჩს“ , რატომ უნდა ვუყუროთ ამ ეპიზოდილს? 


პირველ რიგში, ალბათ, მაინც იმიტომ, რომ შენი წინაპრების ისტორიაა. ისტორია, რომელიც არ არის გამოგონილი და ფილმიც რეალურ ფაქტებზეა აგებული. გმირების სახელები და გვარებიც კი ნამდვილია. მრავალფეროვანი ამბებია, რომელთაც ვერ მოწყდები. თავად სერიალი ძალიან მასშტაბურია, ასეთი მასშტაბის ფილმი კი ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ გადაღებულა. 


მას შემდეგ რაც ფილმში მონაწილეობა მიიღეთ, ქერჩში განვითარებული მოვლენების მიმართ შეიცვალა თქენი დამოკიდებულება? ან თქვენზე, როგორც მსახიობზე როგორ იმოქმედა ამ როლმა? 


ჩემი აზრით, ყველა როლი, რომელსაც როგორც მსახიობი ანსახიერებ, ასე თუ ისე მოქმედებს შენზე, რაღაც კვალს ტოვებს და გცვლის. ხშირად ისე ვიჭრები ხოლმე ჩემი გმირის ცხოვრებაში, იმდენად ვიქცევი ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანად, მერე უკან დაბრუნება და ისევ ჩემს თავად გადაქცევა მიჭირს ხოლმე. სხვათა შორის, უარყოფითი როლების თამაშის დროსაც ასეა. აქაც, მაქსიმალურად ვცდილობდი ისეთი რამ მომეძებნა, რაც ჩემს გმირს უფრო შეავსებდა. ვნახოთ, რა გამოვა. 


გადაღებების დროს რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო? 


აქამდე მე ძირითადად უარყოფით გმირებს ვთამაშობდი ხოლმე. ომის თემატიკაც ხშირი იყო- ფილმები სამაჩაბლოსა თუ აფხაზეთის ომზე, თუმცა აქ ჩემთვის სიახლე იყო შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობა. მაგალითად, მხატვრების, რომლემაც მართლაც არანორმალურადა დიდი სამუშაო შეასრულეს. ყველა ბოლომდე იხარჯებოდა და ეს ერთიანობა ძალიან შესამჩნევი იყო. არ არსებობს ასეთ ერთინობას კარგი შედეგი არ მოჰყვეს. 


რას გინდათ რომ ამ ფილმმა დაუდოს სათავე? რას მოიტანს ის? 


მე მგონია, რომ დღეს საქართველოში დაახლოებით 50%-მა არც კი იცის თუ ვინ იყვნენ ეს ბიჭები, ვინც ქერჩში დაიღუპნენ. არაფერი გაუგიათ ამ კონკრეტულ ბრძოლაზე და სწორედ ამ ფილმიდან გაიგებენ. მიხვდებიან, რომ „ქერჩი“ - ეს მათი ისტორიაა, მათი ბაბუების და ბებიების ისტორია. ისინი გმირები იყვნენ. მგონია, რომ ამ ფილმს ვერ გადართავ. არც გადართავ. „ქერჩი“ ასეთი იქნება - თავიდან ბოლომდე ჩაგითრევს და განერვიულებს.

ვრცლად დახურვა