
მოვა დრო და სიკვდილი აჯობებს გადარჩენას
ახალგაზრდა წარმატებულ მეცნიერ ირაკლის, რომელიც სიკვდილის ფენომენს იკვლევს, ოჯახური ტრაგედია ატყდება თავს. თვითმკვლელობის მცდელობის და ხუთ თვიანი კომის შემდეგ ის ვამპირულ აპოკალიფსში იღვიძებს. სანამ ცოლის მოძებნას და გადარჩენას შეეცდება, ათეისტი მეცნიერი თანამგზავრებთან ერთად ჯერ ამ პარადოქსულ სიტუაციაში უნდა გაერკვეს.
სეზონი 2
გამოშვების წელი: 2015
მწარმოებელი: SARKE STUDIO
13 ეპიზოდი
ფორმატი: 60 წთ.
რეჟისორი: ლევან ბახია
რედაქტორის სვეტი
ალბათ კინომოყვარულთა უმეტესობა შეკითხვაზე, რით განსხვავდება კარგი პოსტ-აპოკალიფტური ფილმი ან სერიალი ცუდისგან, სადაც ვამპირები, ზომბები, ინფიცირებულები, მაიმუნები, მაქციები ან უბრალოდ გადარჩენილი ადამიანებისთვის ნებისმიერი სახის საფრთხის მომტანი გაურკვეველი არსებები მონაწილეობენ, უპასუხებს, რომ ეს გრიმის და სპეცეფექტების ხარისხია. ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ამ ჟანრის ისტორიებში აქცენტი სწორედ იმაზე კეთდება, როგორ გაიფრქვევა მსხვერპლის ყელიდან სისხლი, ან როგორ შეერჭობა კაცობრიობის მხსნელის მიერ გასროლილი ვერცხლის ისარი შუბლში მომხვდურთა ატამანს . ამიტომ, ნებსით თუ უნებლიეთ, შინაარსი და სიუჟეტი თითქოს მეორეხარისხოვანი ხდება, მაგრამ ეს ბევრს არავის ადარდებს.
ამ შესავლის გაკეთება იმიტომ დამჭირდა, რომ სწორედ ამ აპრობირებული მეთოდის ნაკლოვანებებზე დაფიქრდნენ პარადოქსის მეორე სეზონის შემქმნელები და მოინდომეს ჟანრის ამ ზემოთნახსენებ სიკეთეებთთან ერთად, ისტორიაზე და გმირების სატკივარზეც სერიოზული აქცენტი გაეკეთებინათ.
დიახ , არ შემეშინდება იმის თქმა, რომ პარადოქსი 2 არ არის მხოლოდ უდარდელი თინეიჯერებისთვის შექმნილი მდარე ხარისხის სისხლიანი შოუ, სადაც აქცენტი გამახვილებულია “ცუდი” ან “მახინჯი” არსებების ხოცვა ჟლეტაზე და ამით სიამოვნების მიღებაზე. ეს არის დრამა, სადაც გმირებს აქვთ საფიქრალი, სატკივარი, პრობლემები და მათ გადასაჭრელად სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
ეს არის ისტორია სამყაროს ტრანსფორმაციაზე. იმაზე , თუ როგორ იცვლება თამაშის წესები, როგორ ფორმირდება სიცოცხლის ახალი ფორმა, რომელიც ჩანასახშივე დიდი საფრთხის წინაშე დგას.