GDSON-ის კითხვებს პასუხობს რეჟსორი ბაჩო ქაჯაია
შეგიძლიათ, დამარწმუნოთ იმაში, რომ უნდა დავჯდე საღამოობით “ცოლების და ქმრების” საყურებლად?
კი, რატომაც არა. იმიტომ, რომ ეს სერიალი განტვირთვის ძალიან კარგი საშუალება იქნება. პირველ ყოვლისა, ის, ასე ვთქვათ, მსუბუქუდ საყურებელი სერიალია. ცხადია, ასეთი ტიპის, ანუ სიტუაციური კომედიის ჟანრის ეპიზოდილებში, არ გვხვდება დიდი სიღრმეები, რომლებიც ტვინის ჭყლეტას და გონების დაძაბვას მოითხოვს. აი, მაგალითად, ბრუნდები სამსახურიდან დაღლილი, ჯდები ტელევიზორთან და იწყებ ხალისს იმ ნაცნობ სიტუაციებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ხშირად ხდება და, შეიძლება, ხანდახან ჩვენი ყოველდღიურობაცაა. ამ ფილმში ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია, ამოიცნოს მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები, იმხიარულოს იმ სიტუაციებზე, რომლებიც, შესაძლოა, მასაც კი გადახდომია თავს.
მაშინ, იქნებ მოგვიყვეთ, როგორი იქნება სერიალის ფაბულა? ანუ ვის თავზე გადამხდარ ამბებზე უნდა იცინოს მაყურებელმა?
ამ სერიალის მაყურებელი ორი ძირითადი ოჯახის სტუმრები გახდებიან. ახალგაზრდა წყვილი - ნიკა და ნინი და მათი მეზობლები, ცოლ-ქმრობის 15 წლიანი გამოცდილების მქონე ცოლ-ქმარი, გოჩა და რუსო. გარდა ამ პერსონაჟებისა, ცხადია, არიან სერიალის სხვა, ძალიან სახასიათო და სასაცილო პერსონაჟებიც. სერიალის ყველა პერსონაჟი მუდმივად კომედიურ სიტუაციაშია და ამ სასაცილო სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. აი, ეს პროცესი, გამოსავლის ძიების პროცესი გვაძლევს საშუალებას, რომ გავერთოთ, განვიმუხტოთ და კარგ ხასიათზე დავდგეთ. ასეთი ტიპის ეპიზოდილების შექმნისას განსაკუთრებით საინტერესოა სცენარის წერის პროცესი.
სცენარისტებს ალბათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ სერიალის სიუჟეტი მართლაც სახალისო და სასაცილო გამოვიდეს. თქვენ, როგორც რეჟისორს, ალბათ მჭიდრო კავშირი გაქვთ სცენარისტებთან?
ეპიზოდილზე არაერთი სცენარისტი მუშაობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი, სცენარის წერის, პერსონაჟების გამოძერწვისა თუ შემდეგ უკვე გადაღების პროცესი გუნდურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩემამდე უკვე გამზადებული სცენარი მოდის, თუმცა გადაღების პროცესში, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებების შეტანა გვიწევს.
მოგვიყევით გადაღებების პროცესზე.
ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადავიარეთ. ეს რთული პერიოდი კი, ძირითადად, საცდელი სერიების ჩაწერას უკავშირდება, იმ დროს, როდესაც ყალიბდებოდა სერიალის სტრუქტურა, სცენარი, პერსონაჟები, რეკვიზიტები, დეკორაციები. ამ პროექტს “ღამის შოუს სტუდია” ახორციელებს, ამიტომ ვცდილობთ, რომ “ცოლები და ქმრები” არ დაემსგავსოს “ღამის შოუს” იმ სხვა სიტუაციურ კომედიებს, რომლებიც უკვე წლებია, საკმაოდ პოპულარულია საქართველოში.
და რა არის ის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ამ ეპიზოდილს სხვა, მსგავსი სიტუაციური კომედიებისგან განასხვავებს? საკმაოდ რთული მისია გაკისრიათ, რადგან, როგორც თქვენც აღნიშნეთ, “ღამის შოუს სტუდიას” არაერთი საკმაოდ წარმატებული მსგავსი პროექტი აქვს განხორციელებული. თქვენ კი მაყურებელს რაღაც სხვა, უფრო ორიგინალური უნდა შესთავაზოთ.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ყველა სიტუაციურ კომედიაში ფაბულა ერთია. გადაღების სტილისტიკაც ერთია. თუმცა, ამ სერიალის პერსონაჟებს უფრო სხვა ტიპის პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ვეცადეთ, რომ დეკორაციაც განსხვავებული და ფერადი ყოფილიყო. მხატვრებმა ძალიან კარგად იმუშავეს. თუკი ერთხელ მაინც შეავლებ თვალს სერიალის დეკორაციას, არ შეიძლება, ის არ დაგამახსოვრდეს. გარდა ამისა, გადაღების პროცესში დავამატეთ ე.წ. “კრანით” გადაღება და სხვა ნიუანსები.
ეს თქვენი, როგორც რეჟისორის დებიუტია. თუმცა, სიტუაციურ კომედიაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. როგორ იქეცით კომედიური სერიალის რეჟისორად?
ჩემთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა. ცოტა მერიდება საკუთარ თავს რეჟისორი ვუწოდო, მაგრამ ამ სიტუაციაში მართლაც რომ ასე გამოდის. მე რეჟისორი ვარ. ნამდვილად საპასუხისმგებლო და სანერვიულო საქმეა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობის აღების არ მეშინია. ბოლო პერიოდში სულ ვფიქრობდი, რომ მსგავსი ტიპის ეპიზოდილზე მუშაობას შევძლებდი და როცა შემოთავაზება მივიღე, დიდხანს არც მიფიქრია. როგორც მსახიობს, სიტუაციურ კომედიაზე მუშაობის მართლაც დიდი გამოცდილება მაქვს.
რა უნარების გამოვლენა გჭირდებათ, როგორც რეჟისორს იმისათვის, რომ სერიალი მართლაც ისეთი სანახავი გამოვიდეს, როგორიც ინტერვიუს დასაწყისში მითხარით?
იცით, უფრო ინტუიტიურად ვხვდები, რა და როგორ უნდა გავაკეთო, რომ სერიალი კარგი გამოვიდეს. ასე რომ მითხრათ, ფურცელზე დაწერე, რას აკეთებო, ვერ დავწერ. თუმცა გადაღებისას, კონკრეტულ სიტუაციაში, ზუსტად ვხვდები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტული პერსონაჟი, როგორ და საით უნდა განვითარდეს სიტუაცია. ამას შინაგანად ვხვდები. ეს მომიტანა იმ ხალხთან მუშაობამ და გამოცდილებამ, რომლებიც მართლა ძალიან ხარისხიან პროდუქტს ქმნიან.
რას გვეტყვით მსახიობებზე? ეპიზოდილში საკმაოდ ცნობილი მსახიობები არიან დაკავებულები. ზოგიერთ მათგანს მაყურებელი სხვა ეპიზოდილებიდანაც იცნობს.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ის მსახიობები შევარჩიეთ, რომლებიც ამ საქმეს თავს საუკეთესოდ გაართმევენ. მათ იციან თავიანთი საქმე.
როგორი მოლოდნი გაქვთ, რამდენ სეზონს შეიძლება გაუძლოს ეპიზოდილმა?
ჯერ მხოლოდ პირველ სეზონზე ვფიქრობთ. ერთი სეზონი 50 ეპიზოდის გააერთიანებს. სერიალი სექტემბრიდან გავა ეთერში და ეთერში გასვლიდან მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდებით, რამდენად წარმატებული პროექტი იქნება “ცოლები და ქმრები”. მე ვფიქრობ, რომ ის 24 ეპიზოდი, რომლებიც უკვე ჩაწერილია, არის მართლა კარგი და მართლა სასაცილო. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად მეცინება ამ სიტუაციებზე. ახლა, როცა შიდა სამზარეულოს გარეთ ჯერ არ გაგვიტანია ჩვენი პროდუქტი, პირველი, ვისაც გადაღების პროცესში ვაკვირდები, ესენი არიან, მაგალითად ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი. ვაკვირდები მათ რეაქციებს, რომელ ხუმრობაზე უფრო ეცინებათ, რომელზე არა და ასე ვაფასებ თითოეულ სიტუაციას.
ვინ იქნება “ცოლების და ქმრების” მაყურებელი?
სერიალი კონკრეტულ სეგმენტზე არ გაგვითვლია. სცენარი ისე იწერება, რომ ყველა ასაკისთვის იყოს მისაღები. ანუ ოჯახის ყველა წევრს შეუძლია, საღამოობით დაჯდეს ტელევიზორის წინ და უყურონ ჩვენს ეპიზოდილს.
რა სიხშირით ნახავს ეპიზოდილს მაყურებელი?
სავარაუდოდ, სერიალი გავა ოთხშაბათს და ხუთშაბათს.